info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a
- 28/09/2022
- 0
- სიახლეები
სახალისო მედიატურნირი Silk Sport-ის დომინაციით
19- 25 სექტემბერს თბილისმა მაგიდის ჩოგბურთში ახალგაზრდებს შორის მსოფლიო თასის ტურს უმასპინძლა, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 18 ქვეყნის 125-მა სპორტსმენმა მიიღო მონაწილეობა.
ამავე ტურის ფარგლებში, დასკვნით დღეს ჩატარდა სამოყვარულო მედიატურნირიც. ტურნირის ორგანიზაციაზე იზრუნეს საქართველოს მაგიდის ჩოგბურთის ეროვნულმა ფედერაციამ (პრეზიდენტი გურამ გოგოლაძე) და სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის, საერთაშორისო ფონდმა (პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი).
სპორტის ეს ყველაზე დემოკრატიული და მასობრივი სახეობა მედიის წარმომადგენლებში დიდი პოპულარობით სარგებლობს და ამჯერადაც 18 მონაწილეს მოუყარა თავი.
ყველაზე მეტი წარმომადგენელი სილქ სპორტს ჰყავდა – 8 მონაწილე და გასაკვირი არაა, რომ საპრიზო პედესტალზე სწორედ ამ მედიაკომპანიის ორი წარმომადგენელი აღმოჩნდა. თუმცა, გამარჯვება goal.ge-ს წარმომადგენელს, ბაჩო ცალუღელაშვილს დარჩა, რომელმაც სილკელი ზურაბ თალაკვაძე 4 სეტში, ანგარიშით 3:1 დაამარცხა. მესამე ადგილი კი ტატო ბაციკაძემ დაისაკუთრა. ტურნირის გამარჯვებული და პრიზიორები ორგანიზატორებმა ფულადი პრემიებით დააჯილდოვეს, რის შემდეგაც გაიმართა საზეიმო ფურშეტი.
„მედია ჩვენი ფონდის ყველა წამოწყების აქტიური მხარდამჭერი, პარტნიორი და გამშუქებელია. დღეს კი კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ქართველი სპორტული ჟურნალისტები არც უშუალოდ სპორტულ პაექრობებში ჩაბმას და ასპარეზობას ერიდებიან. ტურნირმა აზარტულ, კონკურენტულ და მხიარულ გარემოში ჩაიარა და მოხარულები ვართ, რომ ასეთი დასამახსოვრებელი და სახალისო ტურნირის ორგანიზება შევძელით. სამომავლოდაც, სპორტის სხვადასხვა სახეობაში არაერთ მედიატურნირს ჩავატარებთ“, – განგვიცხადა ფონდის გენერალურმა დირექტორმა, ვასო ლიპარტელიანმა.
კატეგორია :
სიახლეები