info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

ფონდის მხარდაჭერით ფასანაურში რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა

ფონდის მხარდაჭერით ფასანაურში რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით, ფასანაურში რეაბილიტირებული სპორტული დარბაზი გაიხსნა.  მუნიციპალიტეტის მიერ შენობის რეაბილიტაციის  ფონდმა დარბაზი სპორტული ინვენტარით სრულად აღჭურვა. სპორტსმენებს კი გადაეცათ  ეკიპირება და ფორმები. დარბაზი 24 მაისს გაიხსნა, ღონისძიებას სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტი დაესწრო.

„გვახარებს, რომ ჩვენს მომავალ თაობას ძალიან დიდი საჩუქარი გავუკეთეთ და ამ საჩუქარს კიდევ უფრო მეტი ხიბლი შესძინა ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონების სტუმრობამ. დარწმუნებული ვარ რომ არა ერთი ბავშვი გაჰყვება მათ გზას და ასახელებს არა მხოლოდ ფასანაურს, არამედ მთელს ქვეყანას. მჯერა რომ ეს დარბაზი მომავალი მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონების სამჭედლო იქნება ეს ადგილი. ეს არის ძალიან კარგი მაგალითი კერძო სექტორის, ფონდის, ფედერაციებისა და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობისა. ჩვენს ყველა პარტნიორს მინდა მადლობა გადავუხადო.“ – განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

განახლებული დარბაზი უფასოდ მოემსახურება ასზე მეტ ადგილობრივ ბავშვს. ისინი პირველ ეტაპზე შეძლებენ  ძიუდოთი და ძალოსნობით დაკავდნენ, მოგვიანებით კი დარბაზში სპორტის სხვა სახეობებიც იქნება ხელმისაწვდომი. პროექტის მხარდამჭერია ძალოსნობის ფედერაცია, რომელიც მწვრთნელებს გადაამზადებს. ძიუდოს დარბაზი ლაშა ბექაურის,  ფიცარნაგი კი ლაშა ტალახაძის  სახელობის იქნება.  ფასანაურში გახსნისთვის ორივე ჩემპიონი ჩავიდა. ოლიმპიურმა ჩემპიონებმა ასეთი პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრეს:

„ დღეს ძალიან ბედნიერი ვარ, რადგან ჩემს მხარეში, მთიულეთში ძიუდოს დარბაზი გაიხსნა, გვექნება ძალოსნობის ხალიჩაც. ძალიან სასიხარულოა ჩემთვის რომ ეს დარბაზი ჩემი სახელობის იქნება. ჩვენთან მთაში არის ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი და მათ უნდა ჰქონდეთ გზა დიდი სპორტსმენობისკენ და ეს დარბაზი არის ზუსტად ის გზა, რომელსაც ისინი გაივლიან ჩემპიონისკენ. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდს და ტარიელ ხეჩიკაშვილს  ამ დიდი  მონდომებისთვის.“ – განაცხადა ლაშა ბექაურმა.

„ძალიან დიდი მადლობა ყველა ორგანიზატორს, ვინც მიზნად დაისახა სპორტის განვითარება რეგიონებში. ძალიან მიხარია, როცა ამდენი ბავშვია ჩართული და მათ შორის ბევრია გოგონაა. ირღვევა ტენდენცია, რომ ქალი და ძალისმიერი სპორტი შორსაა ერთმანეთისგან.“ – განაცხადა ლაშა ტალახაძემ

სპორტული ტურიზმის განვითარებისთვის გარემონტებულ შენობაში სულ მალე სასტუმროც  გაიხსნება. ფასანაურში სპორტსმენები სხვადასხვა რეგიონებიდან  სპორტული შეკრებების ჩატარებას შეძლებენ. სასტუმრო, რომელშიც 30 ნომერია სტუმრებს მალე მიიღებს.

 

სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორიო ფონდის მიზანია სპორტი საქართველოში ყველა ბავშვისთვის იყოს ხელმისაწვდომი და მათ მიეცეთ საკუთარი შესაძლებლობებისა თუ ნიჭის გამოვლენა. ასეთივე პროექტებს ფონდი სხვა რეგიონებშიც ახორციელებს.

 

2022 წლის 24 მაისი

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: