info@styfund.com
Tbilisi, Universiteti st. 2a

დახმარება უკრაინულ ოჯახებს

დახმარება უკრაინულ ოჯახებს

ომის გამო საქართველოში ჩამოსულ და ქვეყანაში ჩარჩენილ ასამდე უკრაინულ ოჯახს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი დაეხმარა. უკრაინის მოქალაქეებს სხვადასხვა სახის პირველადი საჭიროების ტექნიკა და ნივთები გადაეცათ.

სასტუმრო „ბომონდ გარდენში“ მცხოვრებ უკრაინელებს დღეს ფონდის პრეზიდენტი ტარიელ ხეჩიკაშვილი შეხვდა და დახმარებას მომავალშიც დაჰპირდა.

„მატერიალურ მხარდაჭერასთან ერთად, ყველაზე მნიშვნელოვანია მორალური მხარდაჭერა. მე ვფიქრობ, რომ საქართველოს სპორტული საზოგადოება ერთიანობით შეძლებს თავისი სოლიდარობა გამოხატოს და რა თქმა უნდა აქ ავანგარდში იქნება ჩვენი ფონდი და ყველა ჩვენი პარტნიორი. ასევე,  უკრაინელი ასამდე ლტოლვილს მიეცემა საშუალება, რომ სპორტით დაკავდეს, ისინი არენას კომპლექსში უფასოდ მიიღებენ სხვადასხვა სერვისს და ათამდე პროფესიონალი დასაქმდება აქვე.“

დახმარება მხოლოდ ტექნიკით არ შემოიფარგლება. ფონდისა და  „არენას“ ერთობლივი გადაწყვეტილებით უკრაინელები  სპორტ-კომპლექსში დასაქმდებიან. ასევე 100 ადამიანი  „არენას“ ყველა სერვისით უფასოდ ისარგებლებს. ფონდი მათ ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფს.

უკრაინის მოქალაქეებმა დახმარებისთვის მადლობა გადაუხადეს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდს. ადამიანები, რომლებიც მეორე თვეა სამშობლოში ვერ ბრუნდებიან, ამბობენ, რომ ასეთ მძიმე დროს მათთვის ნებისმიერი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია.

„ძალიან მადლიერები ვართ ქართველი ხალხის, რომელიც ასეთი ღონისძიებებით გვიჭერს მხარს არა მხოლოდ მორალურად, არამედ გვეხმარება საყოფაცხოვრებო და საცხოვრებელი საკითხების მოგვარებაში. ჩვენ საქართველოში ვიყავით ომის დაწყებისას და ახლა, როდესაც ჩამოდიან ლტოლვილები ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ღონისძიებები იმ ადამიანების მხარდასაჭერად რომელთაც მთელი ცხოვრება დაენგრათ.“ განაცხადა „გაერთიანება უკრაინისთვის“ მოხალისემ რომან პროზორმა. უკრაინელმა ბავშვებმა სტუმრებს უკრაინის თემატიკაზე მათ მიერ შექმნილი ხელნაკეთი ნივთები აჩუქეს.

 

პროექტში ფონდის პარტნიორიები არიან ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი და სპორტ-ომპლექსი „არენა“.

2022 წლის 14 აპრილი

კატეგორია : სიახლეები
გაზიარება: