- 01/06/2022
- 0
- სიახლეები
ჩემპიონ მოკრივეებს ფონდა უმასპინძლა
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდმა ერევნიდან დაბრუნებულ გამარჯვებულ მოკრივეებს უმასპინძლა. საზეიმო მიღებაზე კრივის ევროპის ჩემპიონატში გამარჯვებულ ქართველი მოკრივეებს ფონდის ხელმძღვანელებმა ჩემპიონობა მიულოცეს და საჩუქრებს გადასცეს.
საქართველოს ნაკრებმა სომხეთში გამართულ კრივის ევროპის ჩემპიონატში ტრიუმფით იასპარეზა. 29 წლიანი პაუზის შემდეგ პირველად ქართველმა მოკრივეებმა კონტინენტური ტიტულები მოიპოვეს.
ერევანში გამართულ ჩემპიონატზე ოქროს მედლები გიორგი ყუშიტაშვილმა, საჰილ ალაჰვერდოვიმა და არტუშ გომციანმა მოიპოვეს. ლაშა გურიელმა კი ვერცხლი. მედლების ჩათვლაში საქართველოს გუნდმა უპირობოდ გაიმარჯვა.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა შალვა გოგოლაძემ ჩემპიონებს მაჯის საათები გადასცეს და მადლობა გადაუხადეს.
„ეს არის იმ შრომის შედეგი, რომელიც წლების განმავლობაში გაწიეს ფედერაციის ხელმძღვანელებმა და ძალიან კარგია რომ ასეთივე კარგი შედეგები გვაქვს ჭაბუკებში და ახალგაზრდებიც. ეს ნიშნავს, რომ სპორტის ამ სახეობის აღორძინება ქმნის პერსპექტივას, რომ მომავალში მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონებიც გვყავდეს. ჩვენი ფონდის სახელით კი მინდა კიდევ ერთხელ დავპირდე მხარდაჭერა სპორტსმენებს.“ განაცხადა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ქართველი მოკრივეების მხარდაჭერას მომავალშიც გააგრძელებს.
2022 წლის 1 ივნისი