- 21/04/2022
- 0
- სიახლეები
ფონდის ახალი პროექტი – „ქუჩის მხიარული სტარტები“
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი ახალ საბავშვო პროექტს იწყებს. მაისში თბილისში „ქუჩის მხიარული სტარტები“ აიღებს სტარტს და მთელ დედაქალაქს მოიცავს. ეს იქნება მასშტაბური სპორტულ-გასართობი ღონისძიებები, რომელშიც ასობით ბავშვი ჩაერთვება. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდისთვის პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პანდემიის შესუსტების ფონზე. მოზარდებს მიეცემათ შესაძლებლობა დაკავდნენ ფიზიკური აქტივობით და ერთად მეტი დრო გაატარონ.
„მე ვფიქრობ ძალიან კარგი საჩუქარია ჩვენი ბავშვებისთვის და არა მარტო ბავშვებისთვის, მათი ოჯახის წევრებისთვისაც, რადგან მათ პანდემიის შემდეგ პირველად ეძლევათ შესაძლებლობა დაკავდნენ სპორტით. „მხიარული სტარტები“ მოიცავს არამარტო თბილისს, არამედ რეგიონებსაც. ათასობით ბავშვი იქნება ბენეფიციარი. მასობრივი სპორტი არის ჯანსაღი ცხოვრების წესის საშუალება და ეს ბავშვებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.“ – განაცხადა ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
„ქუჩის მხიარული სტარტები“ დედაქალაქის 15 სხვადასხვა უბანში გაიმართება. უკვე შერჩეულია სტადიონები, სადაც გასაბერი ინფრასტრუქტურა დამონტაჟდება და ბავშვები ერთმანეთს სხვადასხვა თამაშებში შეეჯიბრებიან. „ქუჩის მხიარული სტარტები“ მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას ყველა მსურველი შეძლებს.
პროექტს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდი, საბავშვო და სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციასთან ერთად ახორციელებს. ეს არის პირველი ერთობლივი ნაბიჯი იმ თანამშრომლობის ფარგლებში, რომელსაც 21 აპრილს ხელმოწერილი მემორანდუმი ითვალისწინებს.
„თანამშრომლობის სფერო ესაა ბავშვები, მოზარდები, სასკოლო და მასობრივი სპორტის განვითარება. მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის შემდგომ ჩვენ ბავშვებს მივცეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტ ფიზიკურ აქტივობაში იყვნენ ჩართულნი.“ – განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირეჯიბმა მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიაზე.
ორი ორგანიზაცია სასკოლო ასაკის ბავშვებს ბევრი საინტერესო პროექტს ჰპირდება. „ქუჩის მხიარული სტარტები“ კი თბილისის შემდეგ ივლის-აგვისტოში ბათუმში გადაინაცვლებს.
2022 წლის 21 აპრილი