- 23/03/2022
- 0
- სიახლეები
რაფაელ ჩიმიშკიანის იუბილე
სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშოროსო ფონდმა დღეს იუბილე მიულოცა ლეგენდარულ ქართველ სპორტსმენს რაფაელ ჩიმიშკიანს. ძალოსნობაში პირველ ქართველ ოლიმპიურ ჩემპიონს 93 წელი შეუსრულდა. ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა ვეტერან სპორტსმენს დაბადების დღე პირადად მიულოცა და ფულადი საჩუქარი გადასცა.
„ბატონი რაფაელ ჩიმიშკიანი არის არამარტო ქართული სპორტის, არამედ მთლიანად მსოფლიო ოლიმპიური მოძრაობის ლეგენდა და საამაყოა, რომ ეს კაცი დღესაც ქართლი სპორტის სამსახურშია. ჩვენ, ფონდის მესვეურები მოვედით და დავაფასეთ ეს ძალიან ღირსეული კაცი და მე მგონია, რომ ჩვენს სახელოვან სპორტსმენებთან ასეთი ურთიერთობით შეგვიძლია ვაშენოთ ქართული სპორტი.“ – განაცხადა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის ფონდის პრეზიდენტმა, ტარიელ ხეჩიკაშვილმა.
რაფაელ ჩიმიშკიანი პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონია ძალოსნობაში, მან გამარჯვება 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე მოიპოვა. სპორტსმენმა ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადა ტარიელ ხეჩიკაშვილის. „მიხარია, რომ თქვენნაირი ახალგაზრდები მობრძანდით და მომილოცეთ დაბადების დღეს, გისურვებთ რომ ცხოვრებაში კარგი ნაბიჯები გადაგედგათ და გაძლიერდეთ.“ – აღნიშნა ლეგენდარულმა სპორტსმენმა.
კიდევ ერთი საჩუქარი რომელსაც რაფაელ ჩიმიშკიანი ფონდისგან მიიღებს წიგნია. სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშოროსო ფონდის დაფინანსებით სულ მალე ჰელსინკის ოლიმპიური თამაშების 70 წლის თავთან დაკავშირებული წიგნი გამოიცემა, რომელიც სწორედ რაფაელ ჩიმიშკიანის იუბილეს მიეძღვნება. წიგნში თავმოყრილი იქნება ჩანახატები იმ სამი ქართველი სპორტსმენის შესახებ, რომლებმაც 1952 წლის ოლიმპიურ თამაშებში გაიმარჯვეს. რაფაელ ჩიმიშკიანი მსოფლიოს ორგზისა და ევროპის ექვსგზის ჩემპიონი, მსოფლიოს უნივერსიადის ჩემპიონი, თერთმეტ გზის მსოფლიო რეკორდსმენი და საბჭოთა კავშირის ათგზის ჩემპიონია.
2022 წლის 23 მარტი